„თიბისი კაპიტალმა“ ღვინის სექტორის კვლევა წარადგინა

18 თებ, 2020
image

„თიბისი კაპიტალმა“ ღვინის სექტორის კვლევა წარადგინა. კვლევის მიხედვით, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის დადებითი ტენდენცია შეინიშნება. როგორც „თიბისი კაპიტალის“ კვლევების უფროსმა თორნიკე კორძაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, 2019 წელს საქართველოში ღვინის რეკორდული მოსავალი დაფიქსირდა.

„2019 წელს 271 000 ტონა ყურძენი ჩაიბარეს ქარხნებმა რთველის შედეგად, რაც წარმოების ზრდის საშუალებას იძლევა, მითუმეტეს ექსპორტიდან საქართველოს ღვინოზე მოთხოვნა არის გაზრდილი. 2019 გვქონდა რეკორდული ექსპორტის ციფრი - 93 მილიონი ბოთლი გავიტანეთ ექსპორტზე, რამაც ჯამში 223 მილიონი დოლარის შემოსავალი მოიტანა ქვეყანაში. კვლევას რაც შეეხება, ჯერჯერობით ჩანს, რომ წარმოების ერთი მესამედი ისევ საოჯახო მეურნეობებზე მოდის და ჩვენ სამომავლოდ ამ წილის კლებას ველოდებით. საერთო ჯამში, 2025 წლამდე ქვეყანაში წარმოების ერთი მესამედით გაზრდას ვვარაუდობთ, რაც გვგონია, რომ ექსპორტს დამატებით წაახალისებს“, - განაცხადა კორძაიამ.

მისივე თქმით, „რუსეთს საქართველოს ღვინის ექსპორტში 61% უჭირავს, თუმცა ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო მაღალი იყო რუსეთის ემბრაგომდე და 77%-ს შეადგენდა“.

„თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, საქართველოს გააჩნია დიდი პოტენციალი, რომ ქართული ღვინო გაზარდოს როგორც მოულობით, ასევე ხარისხობრივად.

„მეღვინეობა-მევენახეობა არის ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და აქედან გამომდინარე, „თიბისისთვის“ ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგი და მიმართულებაა. ამ მიმართულებით საქართველოს როლი თანდათანობით იზრდება და უფრო მეტი ექსპორტი ხდება ქართული ღვინის. საქართველოს გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი, როგორც მოცულობაში გაზარდოს, ასევე ხარისხობრივად უკეთესი ღვინოები აწარმოოს. თუ ავიღებთ, საკმაოდ წარმატებული ათი წელი გაიარა ამ ინდუსტრიამ და დაახლოებით 6,5-ჯერ არის გაზრდილი, უბრალოდ ვფიქრობთ, რომ ასათვისებელია ახალი ბაზრები. დივერსიფიკაცია კეთდება, მაგრამ საშუალოვადიან პერსპექტივაში საჭიროა, რომ გაიზარდოს დივერსიფიკაცია, რაც ამ ინდუსტრიის სტაბილურობას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ვახტან ბუცხრიკიძემ.

ჟურნალისტებთან ასევე ისაუბრა “თბილღვინოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებლმა ზურაბ მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ „ქართული ღვინის ცნობადობა წლიდან წლამდე იზრდება და შესაბამისად გამოწვევებიც იზრდება“.

„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა მაღალი ხარისხის შენარჩუნება და არის რისკი, რომ ქართული მეღვინეობა გადავიდეს იაფფასიანი ღვინის მწარმოებელი ქვეყნის რეპუტაციაში, რისი საშიშროებაც რეალურად არის. უზარმაზარი რისკია როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური, როდესაც ქვეყნის ინდუსტრია დამოკიდებულია ერთ ბაზარზე. ჩვენ უარი არ უნდა ვთქვათ რუსეთში გაყიდვებზე, მაგრამ ჩვენი სწრაფვა უნდა იყოს ისეთ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობა არის ძალიან მყარი, იქ არ გვექნება ისეთი სწრაფი ზრდის ტემპები, როგორც რუსეთში, მაგრამ იქ ნებისმიერი ზრდა არის ბევრად უფრო პროგნოზირებადი და შენარჩუნებადი“, -აღნიშნა მარგველაშვილმა.

მოგვწერე